გიგი უგულავა - ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება
გიგი უგულავა - ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება

ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქციის შემდეგ ჟურნალისტებს გიგი უგულავამ განუცხადა.

უგულავამ აღნიშნა, რომ შიმშილობის მასობრივი აქცია გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლებამდე.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება მუდმივად ციხეში, მას საერთოდ წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, არის მოლაპარაკებები, დიალოგი შეთანხმებისთვის და ამაში ჩვენ ვმონაწილეობთ; მეორე იქნება პერმანენტული პროტესტი, ვიდრე არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, იქნება შიმშილობის აქცია. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ორ დღეში, სამ დღეში. ეს ყველაფერი შეიშლება, გაგრძელდეს თვეები და უფრო მეტი ხანი. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც იწყებს, ვიდრე მისი ჯანმრთელობა გაქაჩავს, იქნება ჩართული, შემდეგ სხვა ჩაენაცვლება და გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ეს ყველაფერი მოჯადოებული წრის გარღვევით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, მე არ ვუერთდები და კონკრეტულად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მოვიხადე კოვიდი ცოტა ხნის წინ და არის კიდევ სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შიმშილობა არ ამცდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პარტიის ოფისში შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.