გია ვოლსკი - შარლ მიშელის დოკუმენტი არ არის სიფრიფანა ქაღალდი, მის უკან დგას მსოფლიოს, პარტნიორი ქვეყნების საგანგებო დაინტერესება
გია ვოლსკი - შარლ მიშელის დოკუმენტი არ არის სიფრიფანა ქაღალდი, მის უკან დგას მსოფლიოს, პარტნიორი ქვეყნების საგანგებო დაინტერესება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგანგებო მნიშვნელობისაა ევროკავშირის ხაზგასმული მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომელიც განვითარდა საქართველოში.

ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ წერილზე:

„მსოფლიოში კრიტიკული ვითარებაა შექმნილი და ამ რეალობაში ევროკავშირის მიერ ხაზგასმული მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომელიც, როგორც იქნა, წამოიწყო და განვითარდა, საგანგებო მნიშვნელობისაა.

ამას მოსდევს ყველაფერი, რასაც ჰქვია ეკონიმიკური მხარდაჭერა, პოლიტიკური თანადგომა და უსაფრთხოებაში თანამშრომლობა. ამ განცხადების უკან სერიოზული შინაარსი დევს იმის, თუ რა დონეზე აქვს საქართველოს პოზიციები ევროსტრუქტურებში. არის წარმატება და რეალურად იმის ხაზგასმა ხდება, რომ ერთი საერთო ოჯახის მონაწილეები ვართ. ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და შეთანხმებას უპირისპირდება, ეს არის დაპირისპირება ევროკავშირისა და ამერიკის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც სტაბილურობა საგანგებო მნიშვნელობის საკითხად მიაჩნია, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ.

ეს დოკუმენტი არ არის ერთი სიფრიფანა ქაღალდი, ამის უკან დგას მსოფლიოს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგანგებო დაინტერესება იმ პროცესებში, რასაც ჰქვია პოლიტიკურ ველზე სიწყნარე, დემოკრატიული პროცესების განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური პრობლების დაძლევა და უსაფრთხოების საკითხები“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს მომავალი ევროპულია, – ამ სათაურით აქვეყნებს „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.