გია ვოლსკი - პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ემსახურონ სახელმწიფოს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას
გია ვოლსკი - პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ემსახურონ სახელმწიფოს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების საქმიანობა იგივე ნიშნებით ხასიათდება, როგორც მათი აქტივობები ქუჩაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც სუს-ისა და ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრნენ და განხილვებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციონერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვასა და ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე არ გამოჩნდნენ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმ დამოკიდებულების და ხედვების, რასაც ოპონენტები აპირებენ განავითარონ.

„რასაკვირველია, მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც პარტიის ყოფილ ხელმძღვანელს აქტივისტებმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეს და პრაქტიკულად ბულინგის გარკვეული პროცესი ჩაატარეს საკმაოდ გამიზნულად და კარგად ორგანიზებულად. ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით – ემსახურონ სახელმწიფოს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამის მიზეზია თავდაპირველი გეგმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ამ გეგმის გარშემო შესაძლებელია პარტიული სუბიექტები გააერთიანა და ამ სტრატეგიას დაუქვემდებარა პოლიტიკური სუბიექტები, ზოგი მცირე რაოდენობით, ზოგი ერთკაციანი პარტია, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია და გეგმა, რაც აქვს და დღემდე ჰქონდა სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი მიზეზი.

თუ ამ გარკვეულ უარყოფით ტრენდს ვინმე გამოეთიშა ან შეძლო და უარი უთხრა, ის საკმაოდ სერიოზული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა. ეს მოქმედებს, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე გარკვეული ეჭვები შეაქვს გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც დამყარებული იყო საერთაშორისო მიდგომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.