გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე ამბობს, გვირაბი იმისათვის შენდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ევროპის განვითარების ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი, ამ ლოგიკით ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა
გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე ამბობს, გვირაბი იმისათვის შენდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ევროპის განვითარების ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი, ამ ლოგიკით ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვოლსკი წერს, რომ ხაზარაძის ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა აყარონ გზა.

„ხაზარაძე ამბობს რომ 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აგრეთვე 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი, შენდება იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი… ამ ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა… თითქმის იგივეს ამბობდა სააკაშვილი – მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისათვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო. თანაც ერთი ის კაცია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში მსხვილი რუსული კომპანიის შემოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, მეორემ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და რომ არა აშშ-ს ჩარევა, მაგისტრალური გაზსადენის გადაცემაც უნდოდა…. ახალგაზრდებო, ნუ დაყვებით ამ ხალხს კუდში, მართლა სირცხვილია!“, – წერს გია ვოლსკი „ფეისბუქში“.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“.

დატოვე კომენტარი