გია ვოლსკი - ბალტიის ქვეყნებს 27 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო ნაკლები შეწყალება აქვთ, ვიდრე მარგველაშვილს ერთი წლის განმავლობაში
გია ვოლსკი - ბალტიის ქვეყნებს 27 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო ნაკლები შეწყალება აქვთ, ვიდრე მარგველაშვილს ერთი წლის განმავლობაში

პრეზიდენტი და პრეზიდენტის კომისია კონვეიერული წესით შეწყალების მექანიზმად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გია ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის პრეზიდენტის მიერ შეწყალებას მორალურად უპასუხისმგებლოს და ნაჩქარევს უწოდებს.

„არ აქვს მნიშვნელობა, მეუღლემ მიმართა თუ არა შეწყალების თხოვნით. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პიროვნებას არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ ექვსჯერ უთხრა უარი უდო-მ ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე. პრეზიდენტის კომისია იქნება, თუ თვითონ პრეზიდენტი, კონვეიერული წესით შეწყალების მექანიზმად ჩამოყალიბდა. სტატისტიკა, სამუშაო დღეები ათასებზე გადაითვალეთ და მიხვდებით, რომ ელემენტარულად შეუძლებელია, განსაკუთრებით ძალადობრივი საკითხები პრეზიდენტმა სიღრმისეულად შეისწავლოს. ყოველ მხრივ, ტექნიკურადაც, ორგანიზაციულადაც და მორალურადაც უპასუხისმგებლო და ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანის მიერ მიღებული, ვისაც საკითხების სიღრმისეულად განხილვა საერთოდ არ სჩვევია. შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ ბალტიის ქვეყნები ერთად რომ შევკრიბოთ, 27 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო ნაკლები შეწყალება აქვთ, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა. შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.