გია ცეცაძე - „ტორპედოში“ პროგრესი არის, მაგრამ ვერ მოვიტყუები, რომ მივფრინავთ #1TVSPORT
გია ცეცაძე - „ტორპედოში“ პროგრესი არის, მაგრამ ვერ მოვიტყუები, რომ მივფრინავთ #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა დანიურ „ოდენსესთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ შეკრების დაწყების შემდეგ „ტორპედოს“ პროგრესი დაეტყო.

„განსწავლულ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ძალიან სწორად თამაშობდა. სამწუხაროდ ამან ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მოგვცა. ფეხბურთელები შეტევასა და დაცვაში ტაქტიკური დავალებების შესრულებას ეცადნენ. დაცვაში ეს უფრო გამოგვივიდა, მაგრამ შეტევაში კარგად ვერ ვითამაშეთ“, – ამბობს გია ცეცაძე.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი მეტოქეების ხარისხზე ლაპარაკობს:

„სასიამოვნოა, ასეთი დონის ევროპულ გუნდთან თამაში რომ მოხერხდა. მსგავსი მატჩები „ტორპედოს“ ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის. მიმაჩნია, რომ პროგრესი არის. უკეთესი იქნება, რომ ეს უფრო დიდი ნაბიჯებით ხდებოდეს. მაგრამ მოვიტყურები თუ ვიტყვი, რომ მივფრინავთ. შემდეგში გუნდი უფრო მოუმატებს“.

ცეცაძის თქმით, გუნდი უკეთ რომ გამოიყურება, რაზეც სტატისტიკც მეტყველებს:

„შესაძლოა, ეს მშრალი სტატისტიკაა და გულშემატკივრისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ ჩვენ ტაქტიკური ქმედებების მაჩვენებლებს ვაანალიზებთ. „ოდენსესთან“ შეხვედრაში ფიზიკური და ტაქტიკური მარგი ქმედების კოეფიციენტი დამაკმაყოფილებელი არ იყო, რადგან ვერ გავიტანეთ. მაგრამ მცდელობები და მოქმედებები სხვა თამაშებზე უკეთესი იყო. ვფიქრობ, შემდეგ ორ შეხვედრაში უკრაინულ გუნდებთან „ტორპედო“ უკეთესად გამოჩნდება და შედეგიც იქნება. მთავარი კი გუნდის შეკვრა-შეთამაშება და სწორი სტრატეგიის არჩევაა“.