გია აბაშიძე - გილოცავთ, ვენეციის კომისია „კლანს“ შეუერთდა
გია აბაშიძე - გილოცავთ, ვენეციის კომისია „კლანს“ შეუერთდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ კომისია „კლანს“ შეუერთდა.

„გილოცავთ, ვენეციის კომისია „კლანს“ შეუერთდა! გადავხედე კომისიის რეკომენდაციებს, მოვუსმინე მმართველი პარტიის ზოგიერთი ოპონენტის განცხადებებსაც. ნამდვილად არ ველოდი, რომ ვენეციის კომისია ამისთანა მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ „კლანზე“. ფაქტობრივად, შეუერთდა ამ „კლანს“, დააფიქსირა რა საკუთარი პოზიციები, რომელთა ნაწილი შეუსაბამოა „ქოცნების“ ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებასთან. თუმცა, ამ ოპონენტებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? იმ გუნდიდან, მაგალითად, მახსენდება ექსელჩი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი, რომელსაც თურმე ქვეყნის პრეზიდენტის პორტრეტის საელჩოებში გაგზავნა მეგალომანიად მიაჩნია. რეკომენდაციებზე დანარჩენი სჯა-ბასი კი უკვე პოლიტიკური ინსინუაციების თემაა“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუქში“.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები დღეს გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.