გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელებაში არ დაეხმარება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელებაში არ დაეხმარება. ამის შესახებ იოჰან ვადეპულმა ბერლინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვადეპულის თქმით, ევროპაში მშვიდობის აღდგენა გერმანიის უმთავრესი ინტერესია.
„მე ნათლად განვაცხადე, რომ პუტინის ომი ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. უკრაინის წინააღმდეგ ამ ომის დასრულება და ამ დანაშაულის საგარეო მხარდაჭერის აღკვეთა, ევროპაში მშვიდობის აღდგენა გერმანიის ძირითადი ინტერესია. სწორედ ამიტომ რუსეთს ამ ომის წარმოებაში ხელი უნდა შევუშალოთ, არ უნდა მივაწოდოთ საქონელი. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი საქონელი ჩინეთიდან რუსეთში არ მოხვდეს და საბოლოოდ ამ ომის მხარდამჭერი არ გახდეს. მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნა ძალიან ადვილია. ერთადერთი წინაპირობაა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, განსაკუთრებით სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. სწორედ ამიტომ იყო ეს ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებების აუცილებელი ნაწილი. მე მივმართე ვანგ ის და ჩინეთის მთავრობას, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს“, – განაცხადა ვადეპულმა.