გერმანიის საფეხბურთო კავშირი იოზილის მიმართ დაშვებულ შეცდომას აღიარებს
გერმანიის საფეხბურთო კავშირი იოზილის მიმართ დაშვებულ შეცდომას აღიარებს

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) „არსენალის“ ნახევარმცველის მესუთ იოზილის მიმართ დაშვებული შეცდომები აღიარა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ, იოზილი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველთან ილქაი გიუნდოგანთან ერთად თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთის ლიდერს თავიანთი საკლუბო მაისურები აჩუქეს და მასთან ფოტოები გადაიღეს. გერმანიის საფეხბურთო ჩინოვნიკებმა ფეხბურთელების საქციელი სერიოზულად გააკრიტიკეს და ურჩიეს მათ – უფრო მეტად კონცენტრირებულნი იყვნენ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც „ბატონი ერდოღანი საკმარისად არ სცემს პატივს“. იოზილი და გიუნდოგანი გერმანიაში არიან დაბადებულნი, მაგრამ თურქული წარმოშობა აქვთ.

ამის შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ჩააგდო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი – ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, პრესამ კი ჯოხი იოზილზე გადატეხა, რომელმაც, საბოლოოდ, დაასრულა საერთაშორისო კარიერა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკები რასიზმში დაადანაშაულა.

ახლა DFB-ის გენერალურმა მდივანმა ფრიდრიხ კერტისმა აღიარა, რომ მისმა ორგანიზაციამ სკანდალურ მოვლენაზე რეაგირებისას, შეცდომები დაუშვა, რის გამოც იოზილმა ვეღარ ითამაშა გერმანიის ნაკრებში.

„DFB-მ მაშინდელი მოვლენების განხილვის დროს შეცდომები დაუშვა. ფოტო ერთგვარი გამადიდებელი შუშა გახდა, რომელმაც ბევრი თემა წამოწია წინ. იმ მომენტში, როცა რასისტული ბრალდებები გაჩნდა, ჩვენ ფეხბურთელთან შეხვედრის მომენტი გამოგვეპარა“, – განაცხადა კერტისმა.