გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. 2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს.
ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი თურქებმა 6 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე.
მეოთხე მეოთხედის მიწურულს ათამაშდა გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში 6 ქულა მოიპოვა. ბოლო შეტევა თურქების მხრიდან თავის თავზე ალპერენ შენგუნმა აიღო, თუმცა სამქულიანი ვერ გამოიყენა.

თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო სწორედ შენგუნი იყო, ევრობაკეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ მატჩი 28 ქულით დაასრულა, 23 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს, რომელმაც 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ისააკ ბონგამ, მან 20 ქულა ჩააგდო, 18 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო მატჩის გმირს, დენის შრიოდერს – 16.
შედეგად, გერმანიის ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ ქვეყნის კალათბურთელთა გუნდმა კონტინენტის პირველობა პირველად 1993 წელს მოიგო. რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, ასევე მეორედაა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, პირველად ტურნირის ფინალში თურქები 2001 წელს დამარცხდნენ.
ამ მომენტისთვის გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.