გერმანიაში პირველად გაუქმდა მატჩი რასიზმის გამო #1TVSPORT
გერმანიაში პირველად გაუქმდა მატჩი რასიზმის გამო #1TVSPORT

გერმანიის მესამე ბუნდესლიგის მატჩში „დუისბურგსა“ და „ოსნაბრიუკს“ შორის რასისტული სკანდალი მოხდა.

„ოსნაბრიუკის“ ფეხბურთელი აარონ ოპოკუ რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. შეხვედრა 33-ე წუთზე შეწყდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. მოგვიანებით, მატჩი მთლიანად გაუქმდა. როგორც ვებგვერდი focus.de იტყობინება, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა გერმანულ ლიგებში.

სიტუაციას კომენტარი გაუკეთა მთავარმა მსაჯმა ნიკოლას ვინტერმა: „კუთხურის ჩაწოდებისას, ოპოკუს მისამართით ტრიბუნებიდან მაიმუნის ხმები გაისმა. მან ეს მაშინვე შეამჩნია. მასთან მივედი და ვნახე რამდენად შოკირებული იყო“.

ვინტერმა გუნდები მაშინვე გასახდელში გაუშვა. პოლიციამ 55 წლის გულშემატკივარი დააკავა.

„აუცილებლად უნდა გვქონდეს რეაგირება, როცა მსგავსი რამ ხდება. აარონს თამაში აღარ შეეძლო“, – თქვა მოგვიანებით „ოსნაბრიუკის“ სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ველინგმა.