გედევან ფოფხაძე - წინასწარი განწყობა არ მაქვს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებული განცხადების პათოსი გავიზიარო
გედევან ფოფხაძე - წინასწარი განწყობა არ მაქვს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებული განცხადების პათოსი გავიზიარო

წინასწარი განწყობა არ მაქვს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებული განცხადების პათოსი გავიზიარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა. ფოფხაძის თქმით, განცხადების დეტალებზე საუბარი მისი გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„გადაწყვეტილება ერთხელ გადავიკითხე ზედაპირულად. პირველი შთაბეჭდილება მაქვს, რომ განცხადება მოცემულობას არ პასუხობს. წინასწარი განწყობა არ მაქვს, რომ განცხადების პათოსი გავიზიარო. პოლიტსაბჭო პარტიაში უმაღლესი ორგანოა და მას შეუძლია, პარტიის პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ეს არ მავალდებულებს, რომ უპირობოდ გავიზიარო.

როცა განცხადება გასაჯაროვდება, საშუალება გვექნება, დეტალების თაობაზე გითხრათ. განცხადებაში სასამართლოსთან დაკავშირებით პროცესი სრულფასოვნად არ არის შეფასებული. მომეჩვენა, რომ განცხადება წარმოადგენს მოსამართლეთა კორპუსის, განსაკუთრებით, იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომლებიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. აქცენტები კეთდება უფრო იმის სასარგებლოდ, რომ სასამართლოში კარგი ვითარება გვაქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის, რისი უფლებაც მათ არ უნდა მივცეთ. მგონია, რომ „ნაციონალები“ არაფერ შუაში არიან და სასამართლოში პრობლემები ობიექტურად გვაქვს, რაც დაკავშირებულია იმ მემკვიდრეობასთან, რაც დაგხვდა. დამოუკიდებლობა, რაც მიიღეს მოსამართლეებმა, ბოლომდე კეთილსინდისიერად არ გამოიყენეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.