„გაუმართლათ, რომ თამაში ბერიამ არ ნახა” - სოციალურ ქსელებში მოსკოველებს „ლოკომოტივთან“ წაგებისთვის დასცინიან
„გაუმართლათ, რომ თამაში ბერიამ არ ნახა” - სოციალურ ქსელებში მოსკოველებს „ლოკომოტივთან“ წაგებისთვის დასცინიან

„მოსკოვის „დინამომ”, ალბათ, ამ შემოდგომაზე ევროპული შეჯიბრიდან რუსული კლუბის ყველაზე ხმაურიანი გამოვარდნა გააფორმა“ – ასე შეაფასა გამოცემა „სპორტ 24-მა“ ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ მოსკოვური კლუბის წაგება.

გამოცემა წერს იმ სხვაობაზე, რაც ამ ორ კლუბს შორის არსებობს:

„კირილ ნოვიკოვის გუნდი დამარცხდა ტურნირში დარჩენილ ყველაზე სუსტ გუნდთან, თბილისის „ლოკომოტივტან“ (1:2), რომელსაც მონაწილეთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს – 1,150). გუნდს ვერაფერი უშველა ვერც ახალბედა ფომინმა, ვერც ლესოვოიმ, ვერც კომლიჩენკომ (რომელმაც გოლი გაიტანა) და ვერც 20 მილიონად შეფასებულმა მაქსიმილიან ფილიპმა. შემდეგ ეტაპზე თბილისის გუნდი გავიდა, რომლის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთი ლეგიონერი იყო, ხოლო ქართული გუნდის მთელი შემადგენლობა „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით სულ რაღაც 6,95 მილიონი ევროა“.

„სპორტ 24-ის“ ცნობით – „სოციალურ ქსელებში რუსებმა მწვავედ და ირონიულად აღიქვეს „დინამოს“ მარცხი, რომელმაც მხოლოდ ამ სატრანსფერო „ფანჯარაში“ახალწვეულებზე უკვე თითქმის 16 მილიონი ევრო დახარჯა“.

ჩვენ რუსული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ფრაზებიდან რამდენიმეს, ყველაზე საინტერესო და მწვავე შეფასებებს გთავაზებთ.

„უეფამ მოითხოვა „დინამოს“ პოლიგრაფზე შემოწმება. მათ არ სჯერათ, რომ ეს ნამდვილად საფეხბურთო კლუბია.”

„იღბლიანია ნოვიკოვი, რომ ეს თამაში ბერიამ არ ნახა.”

„ზოგადად, როდესაც ჩვენი ფეხბურთი გამოჩნდება ევროპულ შეჯიბრებებში, ყველაზე უკეთეს მდგომარეობას აღწერს ვალტერ სობჩაკის ცნობილი ციტატა – თქვენ შედიხართ ტკივილის სამყაროში.”