გამოცემა „სპორტმედია“ - საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი კონკურენტია #1TVSPORT
გამოცემა „სპორტმედია“ - საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი კონკურენტია #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა რაზგრადში ითამაშეს – ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ანგარიში მე-13 წუთზე „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელმა კირილ დესპოტოვმა გახსნა, 50-ე წუთზე კი ტრნავას „სპარტაკის“ თავდამსხმელმა მილან რისტოვსკიმ მასპინძელთა კარი აიღო. მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯერემი პინიარდიმ მასპინძლების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, მაგრამ საქმეში VAR-ი ჩაერია, პენალტი გააუქმა და საბოლოოდ, 1:1.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი იმედგაცრუებული იმიტომაც დარჩა, რომ მეოთხე თამაშია გუნდი ვერ იგებს. ჩრდილოეთ მაკედონია კი გორან პანდევის წასვლის შემდეგ გაახალგაზრდავდა, მაგრამ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში მაინც საშიში და კონკურენტუნარიანია.

საინტერესო დასკვნა იყო ჩრდილოეთ მაკედონიურ გამოცემა „სპორტმედიაში“, რომლის შეფასებითაც, რეალურად მათი ნაკრების კონკურენტი არა ბულგარეთი, არამედ საქართველოა.

„ბულგარელები ოცნებობენ ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრები ელიფ ელმასი, ენის ბარდი და თუნდაც – ადემი და რისტოვსკი, რომლებიც ივნისის მატჩებში არ მონაწილეობენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ წარმატებას მაინც მიაღწევდნენ, მაგრამ ჩვენგან შორს არიან. ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს, ისინი თამაშობდნენ მოკლე პასებით, მაგრამ ფუტსალმა შედეგი არ მოიტანა. ტაიმში ორი შეცვლით, მილევსკიმ (ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი) შედეგს მიაღწია. მილან რისტოვსკიმ გაიტანა, მომენტები ელმასს, ალიოსკის და მიოსკის ჰქონდათ, მაგრამ ბულგარეთს მხსნელად მეკარე მიხაილოვი მოევლინა. რაზგრადიდან ერთი ქულით წამოსვლა კარგია, მაგრამ ივნისის დარჩენილ მატჩებში 9 ქულა გვჭირდება. 9 ივნისს სკოპიეში გველოდება საქართველოსთან მატჩი, რომელიც ჯგუფში პირველი ადგილისთვის ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტია“, – წერს „სპორტმედია“.