გაგუამ „ალავესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა - მირჩევნია, მთავარ გუნდში თამაში შრომით დავიმსახურო
გაგუამ „ალავესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა - მირჩევნია, მთავარ გუნდში თამაში შრომით დავიმსახურო

გიორგი გაგუამ ესპანურ კლუბ „დეპორტივო ალავესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ლა ლიგის გუნდს თავისი მომავალი უახლოესი სამი წლით დაუკავშირა.

19 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

„ცხადია, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას აფორმებ. მაქსიმალურად ვეცდები ჩემდამი გუნდის ნდობა გავამართლო. კონტრაქტი 2024 წლამდე გავახანგრძლივე. სათამაშო დროზე ან პირველ გუნდში დაწინაურებაზე დაპირება არ მიმიღია და მსგავსი რამ არც მინდა. მირჩევნია, რომ ყველაფერი ჩემი შრომით დავიმსახურო“, – წერს გიორგი გაგუა.

19 წლის თავდამსხმელი ესპანეთში 2017 წელს გადავიდა და ერთკვირიანი სინჯების მერე გუნდში დარჩენაც შესთავაზეს. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა – გიორგი ესპანეთში მეორედ პანდემიის პირველი ტალღის დასასრულს, 2020 წელს წავიდა.

გაგუას „ალავესის“ მესამე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა „ალავესი B“-ში კარგი თამაში აჩვენა და დატოვეს, სადაც მიმდინარე სეზონში თავი გოლებითა და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა.

ესპანეთში წასვლამდე გაგუა „იბერია 2010“-ში გუბაზ დოლიძესთან თამაშობდა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ბოლოს ახალგაზრდული ნაკრების სიაშიც დაასახელეს.