ქართული გოლი ესპანეთში - „ალავესი B“-ს გაგუას გოლმაც ვერ მოაგებინა [ვიდეო]

გიორგი გაგუამ ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. „ალავესი B“-ის 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი „არენასთან“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა.

სეგუნდა დივიზიონი B-ს მე-2 ჯგუფის მე-13 ტურში გიორგი გაგუამ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა და „ალავესი B“ დააწინაურა, თუმცა მისი თანაგუნდელი 38-ე წუთზე გააძევეს, ათი კაცით დარჩენილმა გუნდმა დამატებით დროში ბურთი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1.

ესპანეთში წასვლამდე გაგუა „იბერია 2010“-ში გუბაზ დოლიძესთან თამაშობდა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ბოლოს ახალგაზრდული ნაკრების სიაშიც მოხვდა.

ტანმაღალი თავდამსხმელი ესპანეთში 2017 წელს გადავიდა და ერთკვირიანი სინჯების მერე გუნდში დარჩენაც შესთავაზეს. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა – გიორგი ესპანეთში მეორედ პანდემიის პირველი ტალღის დასასრულს, 2020 წელს წავიდა.

გაგუას „ალავესის“ მესამე გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა „ალავესი B“-ში კარგი თამაში აჩვენა და დატოვეს, სადაც მიმდინარე სეზონში თავი​ გოლებითა და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა.