გაგნიძემ ესპანეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - გულიაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, ქოჩორაშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ ლა ლიგა 2-ის მე-5 ტურში „ლეგანესი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ესპანურ გუნდში ახალი გადასულია და სადებიუტო შეხვედრა შეცვლაზე, 75-ე წუთიდან ჩაატარა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად „შიროკი ბრიეგთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. „სარაევომ“ ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გაიტანა. გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 7 თამაშში 2 ასისტი დაუგროვდა, მაგრამ ჯერ ბურთი არ გაუტანია.
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ოთარ მამაგეიშვილის „ფარმალიკაომ“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ ქოჩორაშვილმა ითამაშა, რომელიც „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ოთარ მამაგეიშვილი კი მატჩის ბოლომდე „ფალმალიკაოს“ სათადარიგო შემადგენლობაში დარჩა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში „დუნაისკა სტრედამ“ საკუთარ კედლებში „პოდბრეზოვა“ 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში შეუცვლელად ითამაშა ცოტნე კაპანაძემ, ხოლო გიორგი გაგუა მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა.