გაგნიძე „ლოკომოტივთან“ საუკეთესოდ აღიარეს - ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება #1TVSPORT
გაგნიძე „ლოკომოტივთან“ საუკეთესოდ აღიარეს - ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება #1TVSPORT

ანალიტიკურმა პორტალმა WhoScored-მა ლუკა გაგნიძე რუსეთის ჩემპიონატის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა – „დინამო თბილისიდან“ რუსეთში გადასვლის შემდეგ ეს ქართველი ფეხბურთელის პირველი აღიარებაა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის მოთამაშე რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში კვლავ ეკატერინბურგის „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებოდა და ბუნებრივია, რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერი ფავორიტად ითვლებოდა.

ურალმა“ ფავორიტი მოსკოვის „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა. ლუკა გაგნიძემ 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი შეცვალეს. ფეხბურთის ანალიტიკურმა პორტალმა ქართველს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 7,9 ქულა.

ასევე მაღალი შეფასება დაუწერა გაგნიძეს კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა – 7,4 ქულა. უკეთესი შეფასება გუნდში მხოლოდ მეკარე ილია პომაზუნს ჰქონდა – 7,7 ქულა.

ყველაზე დაბალი ქულა 18 წლის ქართველ ნახევარმცველის გრაფაში რუსულმა გამოცემა „ჩემპიონატმა“ დაწერა – 6,5 ქულა – უფრო მაღალი ქულა სამ მოთამაშეს ჰქონდა, ხოლო ანალოგიური – „ურალის“ კიდევ 6 წევრს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა, მოსკოველებმა კი იჯარით ეკატერინბურგისურალს“ დაუთმეს. გაგანიძე თავიდან შეცვლებზე გამოდიოდა, ბოლო სამი მატჩი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდება.