გაგა კირკიტაძე - ევროტურნირები და ლიგა 2, როგორც ცა და დედამიწა #1TVSPORT
გაგა კირკიტაძე - ევროტურნირები და ლიგა 2, როგორც ცა და დედამიწა #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ კონფერენს ლიგაზე გუნდის გამოსვლა გააანალიზა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მფლობელმა, ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „გაგრამ“ ევროტურნირებზე ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

„ჩემპიონატის განახლებამდე მომზადების პროცესი გეგმაზომიერად განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული როლი შეასრულა ევროპის კონფერენს ლიგაზე ჩვენმა გამოსვლამ. ცა და დედამიწაა ევროტურნირები და ლიგა 2. ამ თამაშებმა დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვფიქრობ, უფრო მაღალ ლიგაში რომ ვთამაშობდეთ, „სუტიესკას“ ბარიერის დაძლევა შესაძლებელი გახდებოდა. გამოუცდელობამაც იჩინა თავი, საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემამაც, სტანდარტული მდგომარეობების უკეთ შესრულების საკითხმაც და ამ ყველაფერმა კომპლექსში გამოიწვია ჩვენი მარცხი“, – ამბობს გაგა კირკიტაძე.

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიზნებზეც ილაპარაკა:

„ბოლო შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასთან“ 3:1 მოვიგეთ და ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. 4 სექტემბრამდე პაუზა გვექნება. რამდენიმე დღე დავისვენებთ. ბევრ ასპექტზე ვიმუშავებთ. დავხვეწთ სტანდარტულ მდგომარეობებს, შევეცდებით საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი გავაუმჯობესოთ, რაც საბოლოო ჯამში სასურველი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“.

აქვე ვიტყვით – „გაგრამ“ ორი ჯილდო ჩაიბარა. გუნდის ფეხბურთელს, ივანე ხაბელაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცა, ხოლო მთავარ მწვრთნელს, გაგა კირკიტაძეს – მერე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი.