გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს დევნილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს დევნილების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას

აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და აშშ მუდმივად მუშაობს გაერო-სთან საკითხის მხარდაჭერისთვის.

„აშშ-ს აქვს პატივი, ეთანხმებოდეს ამ რეზოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ყველა ქვეყნის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება. ჩვენ ვუერთდებით ამ რეზოლუციის მხარდამჭერებს და ვურჩევთ მხარეებს იმუშაონ ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის.

ჩვენ განსაკუთრებულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოწოდებებს, რომ გადადგმული იყოს დაუყოვნებლივი ნაბიჯები ადამიანის უფლებების და ღირსების უზრუნველყოფისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გასაზრდელად და უსაფრთხოების ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, რომ დაბრუნდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც სახლი პოლიტიკური არეულობის გამო დატოვეს.

რეზოლუციის პირველი პარაგრაფი აღიარებს, რომ თვითნებურად არავის უნდა ჩამოართვა უფლება შევიდეს საკუთარ ქვეყანაში. ყველა ადამიანი უფლებამოსილი უნდა იყოს სახელმწიფოში და ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და თავისუფლება აირჩიოს საცხოვრებელი საკუთარ ტერიტორიაზე. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. აშშ მუდმივად უჭერს მხარს იძულებით გადაადგილებული პირების ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გაერო-სთან და სხვა პარტნიორებთან, რომ გამონახოს გზა მხარდაჭერისთვის და ძალისხმევისთვის. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც სუამის ზონაში კონფლიქტებს მიეძღვნა.