ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - რუმინეთთან რევანში გვქონდა ასაღები #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - რუმინეთთან რევანში გვქონდა ასაღები #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა რუმინეთთან ახალ ოლიმპიურ სასახელში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მზადებას დაასრულებს ევრო 2022-ისთვის, რომელიც იანვარ-თებერვალში ნიდერლანდებში გაიმართება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 4:1 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები, რომელთანაც ორი წლის წინ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში დამარცხდა.

„სამწუხაროდ, ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაგვაკლდა. ამ შეხვედრას მეორე ეს დატვირთვა ჰქონდა – ყველამ იცის, რომ რუმინეთთან რევანში გვქონდა ასაღები. კიდევ ერთი მომენტი – ეს ჩვენი ფორმაციის ნაკრების 50-ე მატჩი და 30-ე მოგება იყო. ეს ძალიან კარგია, რადგან უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

მოგების მიუხედავად, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი არაა.

„მეორე ტაიმი შედარებით სუსტად ჩავატარეთ. ჩანს, რომ რაღაცებზე სამუშაო გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშე რომ გვეყოლება, სულ სხვა თამაში გამოჩნდება“.

ასათიანი გუნდის შეთამაშებას უახლოეს პერიოდში გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში იმედოვნებს.

„ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ორ თვეში, საბედნიეროდ, ბევრი ამხანაგური მატჩი გველის, სადაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გუნდის ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ“.

საქართველოს ნაკრები რუმინეთის ფუტსალის ეროვნულ გუნდს 17 ნოემბერს მეორედ დაუპირისპირდება – მატჩი ახალ ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.