ფუტსალი | მოგება რუმინეთთან - ასათიანის გუნდმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | მოგება რუმინეთთან - ასათიანის გუნდმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელიც ევრო 2022-ისთის ემზადება, ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუმინეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. შოთა თოფურიას დარტყმის შემდეგ, კარის წინ ბურთს ფეხი ვახტანგ კეკელიამ დაახვედრა – 1:0. მე-7 წუთზე ჩვენებმა სხვაობა გაზარდეს – მეკარე ზვიად კუპატაძემ ბურთი მეტოქის კართან ირაკლი თოდუას გადააწოდა, რომელმაც შანსი გოლად აქცია – 2:0. მე-10 წუთზე კი კეკელიამ დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა სოლიდური გახდა – 3:0.

მეორე ტაიმში, 23-ე წუთზე, ბრუნო პეტრიმ მახვილი კუთხიდან დაარტყა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:0. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები მოეშვა და 26-ე წუთზე რუმინელთა ბრაზილიელმა მოთამაშემ, პაულო ფერეირამ სხვაობა შეამცირა – 4:1.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა 4:1 მოიგო. გუნდები ერთმანეთს ხვალ, 17 ნოემბერს მეორედაც დაუპირისპირდებიან – მატჩი ახალ ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი