„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ გენერალური დირექტორი ნათია თურნავას მიმართავს
„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ გენერალური დირექტორი ნათია თურნავას მიმართავს

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას​“ ხელმძღვანელი ზაზა მამულაიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს, მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

„მე დღემდე გახლავართ „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის“ ყველაზე დიდი აქციონერი და კრედიტორი, ასევე ვარ „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ გენერალური დირექტორი, სწორედ ეს კომპანია იყო სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების მხარე 1997 წლიდან 2021 წლის მარტამდე, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „გრინ კაპიტალმა“ ჩაანაცვლა იგი, როგორც კონტრაქტის მხარე. ასევე გახლავართ „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის“ საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი და ბოლოს, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი საოპერაციო კომპანიის, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და კრედიტორი.

ახლა, რაც შეეხება „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენს“ და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სამწუხაროდ, მართლაც ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ეყრდნობით.

ვფიქრობ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით და კაიმანის კუნძულების სასამართლოს დიდი პალატის 2020 წლის მაისის
გადაწყვეტილებით, „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენი“ უკვე წელიწადზე მეტია, აღარ ფლობს ინტერესს (აქციებს) არც „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენში“, რომელიც საქართველოში პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის მხარე იყო მიმდინარე წლის 31 მარტამდე და შესაბამისად არც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელ საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“.

როცა ბრძანებთ, რომ „ამერიკულ“ „ფრონტერასთან“ კონსტრუქციულად თანამშრომლობით და ითხოვთ, რომ მათ გაითვალისწინონ თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვა, კარგი იქნებოდა, თქვენს ხელქვეითებს მოეხსენებინათ თქვენთვის, რომ ამ დავალიანებას საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერ ჯორჯია“, 2020 წლის ბოლოდან რეგულარულად ისტუმრებს, სწორედაც „გრინ კაპიტალიდან“ მოზიდული ინვესტიციებით. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება თუკი თქვენდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციები შეწყვეტენ უკანონო ქმედებებს და მისცემენ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საშუალებას, იმუშაოს მუქარის, ზეწოლისა და ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის გარეშე.

და ბოლოს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ვარ „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის“ ყველაზე დიდი აქციონერი კრედიტორი. გასული წლის ბოლოს მე მივმართე კომპანიას, რომ დაეფარათ ჩემ მიმართ არსებული საკმაოდ დიდი დავალიანება, მათგან მიღებული უარის გამო კი მივმართე აშშ-ში ჰიუსტონის სასამართლოს, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. სწორედ ეს სასამართლო დავა გახდა მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ქალბატონო მინისტრო, მზად ვარ, შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს, წარმოგიდგინოთ ამ წერილში მოყვანილი ფაქტების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია და კონსტრუქციულად მივაღწიოთ შეთანხმებას, რაც პროექტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ზაზა მამულაიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს კომენტარი გააკეთა ამერიკული კომპანიის, „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებაზე, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის. „დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ“ გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ „ფრონტერას“ სახელით, საერთოდ არ წარმოადგენენ ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად გადაამოწმოს ინფორმაცია და მოერიდოს სპეკულაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან“, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ“ გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი