ევრო 2020 | ნიდერლანდები VS ჩეხეთი, ბელგია VS პორტუგალია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2020 | ნიდერლანდები VS ჩეხეთი, ბელგია VS პორტუგალია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ევრო 2020-ის მეორე საპლეიოფო დღეს ორი მეტად საინტერესო დუელია – ნიდერლანდები ჩეხეთს დაუპირისპირდება, ბელგია – პორტუგალიას. პირველი მატჩი 20 საათზე დაიწყება, მეორე – 23 საათზე. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

 

ნიდერლანდები-ჩეხეთი

ნიდერლანდების ნაკრები ყველა დიდ ტურნირზე ფავორიტთა შორისაა, თუმცა ტიტულამდე 1988 წლის შემდეგ ვერ მიაღწია. „ნარინჯისფრებმა“ ევრო 2020 კარგად დაიწყეს – ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს და ჩეხებთანაც ფავორიტად ითვლებიან.

თავის მხრივ, ჩეხეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სტაბილურად ჩაატარა – შოტლანდიას 2:0 სძლია, ხორვატიასთან 1:1 ითამაშა, ინგლისთან კი 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით ალოგიკური სულაც არ იქნება ჩეხების მეოთხედფინალში, თუნდაც ნახევარფინალში ხილვა.

ფრანკ დე ბური (ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი):

„რა შეიძლება იყოს ამ ტურნირში ჩვენთვის წარმატება? თუ ნახევარფინალში ვიქნებით, ვიტყვი, რომ საქმე კარგად გავაკეთეთ. მაგრამ ძალიან გვინდა, მთელ ამსტერდამს, როგორც ჩემპიონებმა, ნავებით ჩავუაროთ – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი!“

იაროსლავ შილჰავი (ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი):

„გავაანალიზეთ ნიდერლანდების ნაკრების ყველა მატჩი ამ ტურნირზე და დავთვალეთ დაახლოებით 30 საგოლე შანსი. უბრალოდ, ჩვენ ეფექტურად და პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდურობა. ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან დიდი შეტევითი პოტენციალი აქვს და ჩვენგან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამის გასანეიტრალებლად. თუმცა, პარალელურად, სახიფათონი უნდა ვიყოთ შეტევაშიც. ასეთი გუნდების წინააღმდეგ რაღაც განსაკუთრებული თუ არ აჩვენე, ვერ გაიმარჯვებ”.

 

სავარაუდო შემადგენლობები

ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგიდუმფრისი, დე ლიხტი, დე ვრეი, ბლინდი, ვან აანჰოლტი – ფ. დე იონგი, დე როონი, ვეინალდუმიდეპაი, მალენი.

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკიცუფალი, ჩელუსტკა, კალასი, კადერჟაბეკისუჩეკი, ჰოლეშიმასოპუსტი, ბარაკი, იანკტოშიკი.

არბიტრი: ს. კარასიოვი (რუსეთი)

 

ბელგია-პორტუგალია

​სპეციალისტები ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთა შორის ასახელებენ. მისი მეტოქე პორტუგალიაა, რომელმაც ოთხი წლის წინ ევროპის ჩემპიონის თასი აღმართა. ისეთი წყვილია, გულშემატკივარი უნდა დაჯდეს და ფეხბურთით ისიამოვნოს.

ორივე გუნდს თავისი ამოცანა აქვს, ისევე როგორც ფეხბურთელებს. პორტუგალიელთა ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს ამ ევროპის ჩემპიონატზე სამ მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზე 109 სანაკრებო გოლია, სწორედ ამდენი გაიტანა ირანელმა ალი დაეიმ. ნაკრებში 109 გოლი რეკორდული რიცხვია და რონალდოს სწორედ ბელგიასთან აქვს ალი დაეის გასწრების შანსი.

​რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მწვრთნელი):

„როდესაც ასეთი დონის ტურნირზე თამაშობ, ნებისმიერი დონის მეტოქის დასამარცხებლად მზად უნდა იყო. პორტუგალია მოქმედი ჩემპიონია და ამ ევროზეც დაგვანახა საკუთარი ძალა. თუმცა მასთან სათამაშოდ მზად ვართ – ბელგიის ნაკრებს გაცილებით დიდი მიზნები აქვს, ვიდრე მერვედფინალში გასვლა.“

ფერნანდო სანტუში (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი):

„ბელგია სერიოზული გუნდია, თუმცა დანიასთან მატჩში მისი მინუსები დავინახე. რა მინუსები? – ვერ ვიტყვი, სჯობს ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა არ იცოდეს, რას ვფიქრობ მისი გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.“

 

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-3): კურტუაალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენიმონიე, დე ბრუინი, ვიტსელი, ტ. აზარიკარასკო, ლუკაკუ, ე. აზარი.
ტრავმა: კასტანი.

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო – სემედუ, დიაში, პეპე, გერეიროპალინია, რენატუ სანჩესი, მოუტინიო – ბერნარდო სილვა, რონალდო, დიოგო ჟოტა.

დატოვე კომენტარი