ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრები გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ
ფოთის „კოლხეთის“ გულშემატკივრები გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ, რომელიც გუნდისთვის 6 ქულის დაკლებას ეხება.

როგორც გულშემატკივრებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, ქულების დაკლებით გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშეა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ლევან კობიაშვილს „კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრები მივმართავთ თხოვნით, რომ გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გუნდისთვის დაკლებულ 6 ქულას შეეხება. იმედს ვიტოვებთ, საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა „კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივარმა, გიგა ზარქუამ.

გულშემატკივრების თქმით, 6 ქულის დაკლება, ფაქტობრივად, „კოლხეთის“ ლიგიდან გავარდნას ნიშნავს, რითაც მორალურად ისედაც დაზარალებული გუნდი, კიდევ უფრო ზარალდება.

ფოთის „კოლხეთი“ გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა გუნდს ექვსი ქულა დააკლო და მის ხუთ მოთამაშეს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.