ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრო EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ლაშა ხუციშვილმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და მისი აღდგენის პერსპექტივა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა მომდევნო ხუთი წლისთვის, ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც მიმდინარე პროგრამა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მნიშვნელობას, მათ შორისაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ურბანული ტრანსპორტი და სხვა. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც უშუალოდ კრიზისთან ბრძოლაში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დასაბრუნებლად.

საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 4 მლრდ ევრო 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, 87% – კერძო სექტორში.

დატოვე კომენტარი