ფეხბურთი | უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის საშინაო მატჩებს ესპანეთში ჩაატარებს #1TVSPORT
უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ დაასახელა არენა, რომელზეც ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩებს ჩაატარებს.
პლეი ოფის ნახევარფინალი უკრაინასა და შვედეთს შორის ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, კლუბ „ლევანტეს“ სტადიონზე გაიმართება. არენაზე 26 354 მაყურებელი ეტევა. შვედების წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელები ფინალში ამავე არენაზე მიიღებენ პოლონეთსა და ალბანეთს შორის გამარჯვებულს.
მანამდე უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩებს პოლონეთში ატარებდა. იმის გამო, რომ ეს გუნდები, შეიძლება, ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, უკრაინულმა მხარემ სხვა ქვეყანა აირჩია, რათა ფორმალურად საშინაო შეხვედრა არ გადაიქცეს გარანტირებულ გასვლით მატჩად.
პლეი ოფის ნახევარფინალი 2026 წლის 26 მარტს გაიმართება, ფინალი – 31 მარტს.