ფეხბურთი | ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ შემადგენლობაში დაბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ შემადგენლობაში 22 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და „ავეშის“ დამარცხებაში (6:0) თავისი წვლილი შეიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის საგოლე გადაცემის შემდეგ გენი კატამომ „ავეშს“ მესამე ბურთი გაუტანა. გიორგის თამაში მაღალი ქულით (7.6) შეაფასეს.
ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადა“ ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1. ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია.
იური ტაბატაძის „კადისმა“ ერთ-ერთი აუტსაიდერ „სარაგოსას“ გასვლით დაპირისპირებაში 2:1 სძლია. ტაბატაძეს ზედიზედ მეორე თამაშში არ მიუღია მონაწილეობა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ილია ბერიაშვილის ბუდაპეშტის მტკ-სა და გიორგი ბერიძის და დავით კობოურის „უიპეშტს“ შორის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა – სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.