ფეხბურთი | ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლომდე მაიკლ ქერიქი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მაიკლ ქერიქი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 44 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლომდე დაინიშნა თანამდებობაზე.
რუბენ ამორიმის განთავისუფლების შემდეგ „იუნაიტედს“ ორი მატჩი დარენ ფლეტჩერი ხელმძღვანელობდა. მანჩესტერელები პრემიერლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან 21 ტურში 32 ქულით.
ქერიქი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2006-18 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 16 ტიტული მოიგო.
„„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. მე ვიცი, რა ფასი აქვს აქ წარმატების მიღწევას, ახლა კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ დავეხმარო ფეხბურთელებს, მიაღწიონ იმ სტანდარტს, რომელსაც ველოდებით ამ დაუჯერებელი გუნდისგან.
მე უკვე მიმუშავია ბევრ ფეხბურთელთან და, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებოდი გუნდს ბოლო წლებში. მე მჯერა მათი ნიჭის, საქმისადმი ერთგულებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობის.
ამ სეზონში ბევრი რამისთვის დარჩა საბრძოლველი, ჩვენ მზად ვართ, გავაერთიანოთ ყველა და ვუჩვენოთ გულშემატკივრებს ის თამაში, რომელსაც ისინი საკუთარი ერთგულებით იმსახურებენ“, – განაცხადა დანიშვნის შემდეგ ქერიქმა.
როგორც ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა დაწერა სოციალურ ქსელში, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ გასაუბრებისას ქერიქმა ლიდერის თვისებები გამოავლინა, გამოთქვა თანამშრომლობაზე მზადყოფნა და აჩვენა კლუბის ბოსებს, რომ კარგად იცნობს გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას. „მანჩესტერს“ ასევე გასაუბრება ჰქონდა ოლე-გუნარ სოლსკიაერთან და რუუდ ვან ნისტელროისთან.
აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯერ ისევ სჯერათ, რომ მიმდინარე სეზონში შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.