ფეხბურთი | მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ბილეთები 7-ჯერ ძვირია, ვიდრე 2022 წელს იყო #1TVSPORT
ფეხბურთის გულშემატკივრები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ბილეთების ღირებულების გამო.
ტურნირის გადამწყვეტ მატჩზე ბილეთების ფასები „ბიუჯეტურ კატეგორიაში“ 4185 დოლარიდან იწყება, – იტყობინება ტელეკომპანია BBC.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნულ ასოციაციებს ინფორმაცია მიაწოდა ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის მატჩებზე ადგილების განაწილების შესახებ.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატთან შედარებით, ფინალზე ყველაზე იაფი ბილეთის ფასი თითქმის შვიდჯერ არის გაზრდილი. ოთხი წლის წინ კატარში ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 600 დოლარი ღირდა.
BBC-ს ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეულ მატჩზე (ინგლისი-ხორვატია) ბილეთის ღირებულება 265 დოლარიდან იწყება. მეოთხედფინალის მატჩებზე ყველაზე იაფი ბილეთი 680 დოლარი ღირს, ნახევარფინალებზე – 920 დოლარი.
ორგანიზაცია „ევროპის ფეხბურთის გულშემატკივრებმა“ განაცხადა, რომ „გაოგნებულნი“ არიან ფიფა-ს „მტაცებლური“ საფასო სტრატეგიით.
გულშემატკივრებმა მოითხოვეს, რომ ფიფამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბილეთების გაყიდვა მონაწილე ქვეყნების ფედერაციებისთვის ადგილების განაწილების ფარგლებში, ჩაატაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გადახედოს ბილეთების ფასებსა და განაწილებას კატეგორიების მიხედვით იქამდე, სანამ არ იპოვნიან გადაწყვეტილებას, რომელიც პატივს სცემს მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციებს, უნივერსალურობასა და კულტურულ მნიშვნელობას.
ორგანიზაციამ ასევე ყველას შეახსენა, რომ საგანაცხადო დოკუმენტში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, დაპირებული იყო ბილეთები 21 დოლარის ღირებულებით.