ფეხბურთი | მადრიდის „რეალმა“ ევროპის სუპერლიგის პროექტზე უარი თქვა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, მადრიდის „რეალმა“ ევროპის სუპერლიგის პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა, – კლუბმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ უეფა, ევროპული საფეხბურთო კლუბები და „რეალ მადრიდი“ აცხადებენ, რომ მათ ევროპული საკლუბო ფეხბურთის საკეთილდღეოდ შეთანხმებას მიაღწიეს სპორტული პრინციპების პატივისცემით, კლუბების გრძელვადიან მდგრადობაზე აქცენტის გაკეთებით და ტექნოლოგიების გამოყენებით გულშემატკივართა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.
ეს პრინციპული შეთანხმება ასევე საფუძვლად დაედება ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი დავის მოგვარებას მას შემდეგ, რაც საბოლოო შეთანხმება ამოქმედდება“, – წერია განცხადებაში.
ევროპის სუპერლიგის იდეა პირველად 2021 წლის აპრილში გახმაურდა, როდესაც 12 წამყვანმა ევროპულმა კლუბმა დახურული ტურნირის შექმნა დააანონსა.
პროექტის მიზანი ფინანსურად უფრო სტაბილური და კომერციულად მომგებიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბება იყო, თუმცა ფორმატი სპორტული პრინციპების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს. უეფა-მ, ეროვნულმა ლიგებმა და გულშემატკივრებმა მასშტაბური წინააღმდეგობა გამოხატეს, რის შედეგადაც კლუბების უმეტესობამ რამდენიმე დღეში პროექტი დატოვა.
პროექტში ბოლომდე რჩებოდა მხოლოდ ორი კლუბი – „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“. ამ უკანასკნელმა სუპერლიგიდან გასვლის შესახებ განცხადება 2026 წლის 7 თებერვალს გაავრცელა.