ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ „ბენფიკასთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT
ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ „ბენფიკასთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ 17 თებერვალს „ბენფიკას“ წინააღმდეგ ლისაბონში გამართული მატჩის (0:1) დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელებმა, კილიან მბაპემ და ვინისიუსმა აღნიშნეს, ეს უკანასკნელი „ბენფიკას“ არგენტინელი მოთამაშის, ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი შეხვედრის მსვლელობისას რამდენჯერმე გახდა.

„მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ დღეს უეფა-ს წარუდგინა ყველა არსებული მტკიცებულება იმ ინციდენტების შესახებ, რომლებიც გასულ სამშაბათს, 17 თებერვალს ლისაბონში „ბენფიკას“ წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოხდა.

ჩვენი კლუბი აქტიურად თანამშრომლობს უეფა-ს მიერ დაწყებულ გამოძიებასთან იმ მიუღებელი რასისტული ეპიზოდების შემდეგ, რომლებიც აღნიშნული მატჩის დროს დაფიქსირდა.

მადრიდის „რეალი“ მადლობას უხდის მსოფლიო ფეხბურთის ყველა სფეროს იმ ერთსულოვანი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა მიიღო.

მადრიდის „რეალი“ გააგრძელებს მუშაობას ყველა ინსტიტუტთან თანამშრომლობით, რათა აღმოიფხვრას რასიზმი, ძალადობა და სიძულვილი სპორტსა და საზოგადოებაში“, – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უეფა-მ გამოძიება 18 თებერვალს დაიწყო.