ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდათ - შვედეთი სემას ნაცვლად მრაბტის ჩამოიყვანს #1TVSPORT
ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოაკლდათ - შვედეთი სემას ნაცვლად მრაბტის ჩამოიყვანს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრებს, რომელიც საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში სათამაშოდ გვესტუმრება, ფეხბურთელი დააკლდა.

მედიის ცნობით, „უოტფორდის“ ნახევარმცველი კენ სემა ტრავმირებულია და მას ეროვნულ გუნდში „მეხელენის“ მოთამაშე ქერიმ მრაბტი შეცვლის.

„კენის გამოკლება საწყენია. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება. ჩვენ მის ნაცვლად მოვიწვიეთ ქერიმ მრაბტი, რომელიც „მეხელენში“ წარმატებით თამაშობს. ის ჩვენთან იყო იანვრის შეკრებაზე და ამიტომ ვიცით, რა თვისებები აქვს. მასთან მუშაობა სახალისო იქნება“, – ამბობს შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იან ანდერსონი.

27 წლის მრაბტი თამაშობდა „იურგორდენსა“ და „სირიუსში“, 2020 წლის აგვისტოში „მეხელენში“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ლიგის 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ეროვნულ ნაკრებში უკვე სამი მატჩი ჩაატარა.

შვედეთი 11 ნოემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი სევილიაში შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულის ბედს ესპანეთთან უშუალო დაპირისპირებაში გადაწყვეტს. დარჩენილ ორ მატჩამდე შვედეთი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, ესპანეთს ორი ქულით უსწრებს.