„ფეჰერვარის“ მთავარი მწვრთნელი - ამ გოლით ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალს უფრო თავდაჯერებული შეხვდება #1TVSPORT
„ფეჰერვარის“ მთავარი მწვრთნელი - ამ გოლით ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალს უფრო თავდაჯერებული შეხვდება #1TVSPORT

ფეჰერვარის“ მთავარმა მწვრთნელმა, იმრე საბიჩმა განაცხადა, რომ ბუდუ ზივზივაძეს ძალიან სჭირდებოდა გოლი, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ბუდაპეშტის მტკ-ს გასვლაზე გაუტანა. 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ძალიან ეფექტური გოლით სტუმრების უპირატესობა მაშინ გაზარდა, როდესაც „ფეჰერვარი“ 0:1-ს იგებდა. საბოლოოდ, გუნდმა 1:3 გაიმარჯვა, რაც ფაქტობრივად, ბრინჯაოს მედლის მოპოვებისა და ევროპის ლიგაზე გასვლის გარანტიაა. აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, 31 წამში კი მეტოქის კარი აიღო.

ფეჰერვარის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი შეაქო და ყურადღება მის წინასაფინალო განწყობაზე გაამახვილა.

„ძალიან მიხარია, ზივზივაძემ რომ გაიტანა. მას ეს გოლი თასის ფინალამდე ძალიან სჭირდებოდა და დარწმუნებული ვარ, „უიპეშტთან“ შეხვედრას უფრო თავდაჯერებული შეხვდება. 3 მაისს უნგრეთის თასზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩავატარებთ და ისტორია დაწერა გვსურს“, – განაცხადა იმრე საბიჩმა.

ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 30 შეხვედრაში რვა გოლთან ერთად ანგარიშზე შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამას გარდა, უნგრეთის თასზე მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო.

ფეჰერვარი“ უნგრეთის თასის ფინალში 3 მაისს „უიპეშტს“ შეხვდება, სადაც გიორგი ბერიძე თამაშობს. მის ანგარიშზე ჩემპიონატში ცხრა გოლია, ხოლო თასზე – ექვსი. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში უნგრეთის თასს ქართველი აწევს.

დატოვე კომენტარი