ფედერერი მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთის გაერთიანების იდეით გამოვიდა, მას მხარი დაუჭირეს ნადალმა და ჰალეპმა
ფედერერი მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთის გაერთიანების იდეით გამოვიდა, მას მხარი დაუჭირეს ნადალმა და ჰალეპმა

„დიდი სლემის“ ტურნირების ოცგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი გამოვიდა წინადადებით – ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია (WTA).

„ნუთუ მე ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ მოვიდა დრო გაერთიანდეს მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთი და ის ერთი მთლიანი გახდეს? გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ძალიან ჩახლართულია, როცა არსებობს სხვადასხვა სარეიტინგო სისტემა, სხვადასხვა ლოგო, სხვადასხვა ვებგვერდი და ტურნირების სხვადასხვა კატეგორია“, – დაწერა  ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფედერერმა.

შვეიცარიელის იდეას მხარი დაუჭირა ესპანელმა რაფაელ ნადალმა:

„სრულიად ვეთანხმები როჯერს. შესანიშნავი იქნება, თუ მსოფლიო კრიზისის დროს, მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთი ერთ ორგანიზაციად გაერთიანდებიან“.

ასოციაციების გაერთიანების წინადადება მოეწონათ მსოფლიოს მეორე ჩოგანს, რუმინელ სიმონა ჰალეპს და ესპანელ გარბინე მუგურუსას.

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდამ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ქალთა უფლებების დამცველმა ბილი ჯინ კინგმა ყველას შეახსენა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოდიოდა ATP-სა და WTA-ის გაერთიანების წინადადებით.

„მე თანახმა ვარ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში ვლაპარაკობდი. ერთი ორგანიზაციის არსებობა – დიდი ხანია ჩოგბურთის ჩემეული ხედვაა. WTA-ის ცალკე არსებობა ყოველთვის გეგმა B იყო. მიხარია, რომ ერთ აზრზე ვართ. მოდით, ვიმოქმედოთ“, – დაწერა ექსჩოგბურთელმა.