ფადი ასლი - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს დაჰპირდა ზეწოლისაგან დაცვას და მისი სიტყვები იმავე დღეს, მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა
ფადი ასლი - ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს დაჰპირდა ზეწოლისაგან დაცვას და მისი სიტყვები იმავე დღეს, მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს. ფადი ასლი წერს, რომ ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების განხილვას ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, 26 მარტს გეგმავდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო. წერილში ფადი ასლი საქართველოში 1996 წელს დაწყებულ საქმიანობასა და სხვადასხვა წლებში ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

„2001 წელს რამდენიმე თვით ჰყავდათ გატაცებული ჩემი მოადგილე; 2002 წელს ააფეთქეს ჩვენი ოფისები თბილისში; 2003 წელს ხანძარი გაუჩინეს და გაანადგურეს ჩვენი ოფისები ფოთში“, – ეს წერილში მოყვანილი მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

ფადი ასლი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და 5 ოქტომბერს ბიზნესის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან იხსენებს.

„ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნეს საზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას, სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი“, – წერს ფადი ასლი.

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი წერს, რომ ქვეყანას ორი ძალაუფლება მართავს.

„ოფიციალური, მაგრამ ძალის არმქონე ხელისუფლება, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე და მათი გუნდი წარმოადგენს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა, და რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ საქართველოს წინსვლის, უცხოურ ინვესტიციების ხელშეწყობის, სიღარიბესთან ბრძოლისა და ქვეყანაში საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისთვის და არაოფიციალური, მაგრამ რეალური ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და რომელიც საკუთარი, არადეკლარირებული დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების შემოსვლა, არამედ საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები, ჩამოიცილოს საქმიანი ხალხი, რომელიც მას არ მოსწონს, ამისათვის გამოიყენოს 1990-იანი წლების მსგავსი კრიმინალური მეთოდები, და ყოველივე აღნიშნული განახორციელოს იმის გამო, რომ მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურას, კერძოდ, პროკურატურას, სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებას“, – აღნიშნავს ფადი ასლი ღია წერილში.