ფაჩულიას ორი ქულა, ხუთი მოხსნა და ექვსი პასი ბრუკლინთან [ვიდეო]

ზაზა ფაჩულიამ ახალი გუნდის – „დეტროიტის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი გამართა და „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ მოედანზე გატარებულ 17  წუთში ორი ქულა, ხუთი მოხსნა, ექვსი პასი და ერთი დაფარება მოაგროვა. ზაზამ თამაშიდან 20%-იანი სიზუსტით (1/5) ისროლა, საჯარიმოს ხაზთან არ დამდგარა, ხუთი მოხსნიდან კი ორიჯერ ბურთს მეტოქის ფარქვეშ დაეუფლა. რაც შეეხება პასივს – ფაჩულიას ერთხელ დაუფარეს, ხუთჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და სასტარტო ხუთი წუთის შემდეგ ანდრე დრამონდი შეცვალა. საბოლოოდ ზაზამ მეოთხედი, ორი ქულით, ორი მოხსნით, სამი შედეგიანი გადაცემითა და ორი პერსონალური ჯარიმით დაასრულა. რაც შეეხება ანგარიშს, პირველ მცირე შესვენებამდე „ნეთსმა“ 12-ქულიანი უპირატესობა (27:15) მოიპოვა.

მეორე მეოთხედი ფაჩულიამ თითქმის მთლიანად სკამზე გაატარა და იმ მცირე დროში, რაც ფიცარნაგზე დაჰყო, საკუთარ სტატისტიკას მხოლოდ ერთი ჯარიმა მიუმატა. საბოლოოდ დიდ შესვენებაზე „პისტონსი“ ისე გავიდა, რომ ორივე მთავარ ცენტრს 3-3 პერსონალური „ფოლი“ ჰქონდათ, შეხვედრას კი შვიდი ქულით – 43:50 აგებდნენ.

დიდი შესვენების შემდეგ, მესამე მეოთხედში მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ და ჩამორჩენაც ორ ქულამდე შეამცირეს, ამაში კი თავისი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა საკუთარ აქტივს კიდევ ერთი მოხსნა, ორი პასი და ერთი დაფარება შემატა.

მიუხედავდ იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო აღარ მისეცემია, ზაზამ თავის გუნდს სარგებელი ბოლო მეოთხედშიც მოუტანა. მართალია, იგი დასკვნითი პერიოდის სტარტზევე მეხუთედ დაჯარიმდა, მაგრამ ამის შემდეგ, სანამ სათადარიგოებში გადაინაცვლებდა, კიდევ ორი მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

რაც შეხება შეხვედრის მიმდინარეობას – რეჯი ბულოკმა საფინალო სირენამდე შვიდი  წამით ადრე, დრამონდის გადაცემის შემდეგ, ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა (102:102) და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ, დამატებით ხუთწუთეულში ბრუკლინელებმა 8:6, მთლიანად მატჩი კი 110:108 მოიგეს.

ფაჩულიას გუნდელსა და მთავარ კონკურენტს – ანდრე დრამონდს 30  წუთში რვა ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი „ბრუკლინელი“  დენჯელო რასელი იყო, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა.

მორიგ წინასასეზონო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ 11 ოქტომბერს ისევ საკუთარ კედლებში – „ვაშინგტონთან“ გამართავს, რომელმაც დღესვე „ნიუ იორკ ნიქსს“ მოუგო. აქედან ორ დღეში კი ფაჩულია და მისი თანაგუნდელები ლებრონის გარეშე დარჩენილ „კლივლენდს“ ესტუმრებიან.

შეგახსენებთ, ახალი გუნდის – „დეტროიტ პისტონსის“ შემადგენლობაში ფაჩულიას დებიუტი 4 ოქტომბერს „ოკლაჰომასთან“ ჰქონდა და მაშინ არასრულ 15 წუთში 10 ქულა და სამი მოხსნა მიითვალა.