ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური დახურვა ბათუმის ხელოვნების სახლში გაიმართა - ღონისძიებაზე სპეციალური პრიზით საქართველოს პირველი არხიც დაჯილდოვდა
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური დახურვა ბათუმის ხელოვნების სახლში გაიმართა - ღონისძიებაზე სპეციალური პრიზით საქართველოს პირველი არხიც დაჯილდოვდა

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დასრულდა. დახურვის ცერემონიალი ბათუმის ხელოვნების სახლში გაიმართა.

გამარჯვებულები საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გურანდა გურასაშვილმა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუსმა დააჯილდოვეს.

დამსწრე საზოგადოებას აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.

ტურნირის საუკეთესო ქალთა ექვსეული ასე გამოიყურება: რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელორუსი და პოლონეთი. რა თქმა უნდა, საუკეთესო ექვსი გუნდი მამაკაცთა შორისაც დასახელდა – მეექვსე უკრაინა იყო, მეხუთე პოზიცია თურქეთს, მეოთხე რუსეთს, მესამე სომხეთს და მეორე ბელარუსს ერგო. მამაკაცთა შორის საუკეთესო გუნდი კი საქართველო გახდა, რომელმაც 15 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივან ჰასან აკუს სპეციალური ჯილდო გადასცა.

ქალთა შორის საუკეთესო სპორტსმენი რუსი ანასტასია კაშერინა გახდა, ხოლო მამაკაცთა შორის – ლაშა ტალახაძე.

დახურვის ღონისძიებაზე სპეციალური პრიზი გადაეცა საქართველოს პირველ არხს, რომელიც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ქვეყნის ტერიტორიაზე ექსკლუზიურად აშუქებდა.

ღონისძიების მიწურულს, ტრადიციულად, მომავალი ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ძალოსნობის ფედერაციის დროშა გადაეცა. მომავალ წელს კონტინენტის პირველობას რუსეთი უმასპინძლებს.