ევროლიგის 24-ე ტური
ევროლიგის 24-ე ტური

საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს 24-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება. 21:00 საათზე დღის პირველი მატჩი რუსეთში „ხიმკისა“ და „ოლიმპია მილანს“ შორის შედგება. მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ. იტალიელებს კი ტრავმის გამო ლიტველი ლეგიონერი გუდაიტისი ვერ დაეხმარება.

21:45 წუთზე თურქული გუნდების დაპირისპირება გაიმართება. სატურნირო ცხრილის ლიდერი „ფენერბახჩე“ საკუთარ არენაზე „ანადოლუ ეფესს“ მიიღებს. „ფენერს“ მომდევნო ეტაპზე გასვლას გარანტირებული აქვს. „ეფესი“ კი 15 მოგებითა და 8 წაგებით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა.

23:05 წუთზე თელ ავივის „მაკაბი“ ტურნირის აუტსაიდერ „დარუშაფაკასთან“ შეეცდება მორიგი გამარჯვების მოპოვებას. „მაკაბი“ 10 მოგებითა და 13 წაგებით მეათე ადგილს იკავებს, „დარუშაფაკა“ კი ბოლო ადგილზეა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ არენაზე კაუნასის „ჟალგირისის“ წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმა აქვს და საკუთარ გუნდს უკვე დიდი ხანია ვერ ეხმარება.

დღის უკანასკნელი მატჩი 00:00 საათზე გაიმართება. ესპანური „გრან კანარია“ საბერძნეთის „პანათინაიკოსს“ შეხვდება. გოგა ბითაძის „ბუდოჩნოსტი“ საკუთარ შეხვედრას ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.