ევროკომისიამ ესპანეთის მთავრობას მიგრაციული კრიზისის დასაძლევად 114,7 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ ესპანეთის მთავრობას 114,7 მილიონი ევრო გამოუყო მიგრაციული კრიზისის დასაძლევად. ევროკომისიის განცხადებით, ესპანეთისთვის დახმარების გაწევა „სოლიდარობის“ აქტია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„ეს ფინანსური დახმარება ევროკომისიის მხრიდან პირველივე დღიდან გაწეულ დაუყოვნებელ მხარდაჭერას ემატება, როდესაც ესპანეთს როგორც ფინანსური, ისე ოპერაციული დახმარება შევთავაზეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკომისიის სრულ სოლიდარობას ესპანეთის მიმართ ამ რთულ ვითარებასთან გამკლავებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
მედიის ცნობით, დაფინანსება თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან გამოიყოფა, რომელიც 82,7 მილიონ ევროს უზრუნველყოფს, ხოლო დამატებით 32 მილიონი ევრო გამოიყოფა სასაზღვრო მართვისა და სავიზო ინსტრუმენტიდან. თანხა მოხმარდება საზღვრის მეთვალყურეობისა და დაცვის, ასევე უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. ამისთვის გამოყენებული იქნება ისეთი აღჭურვილობა, როგორიცაა თერმული კამერები, მონიტორინგის სისტემები და წყალქვეშა დრონები.
დახმარება ასევე შესაძლებელს გახდის დამატებითი პერსონალისა და აღჭურვილობის მობილიზებას, მიგრანტების შემოწმებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას და სეუტაში არალეგალურად მყოფი პირების დაბრუნების პროცესის მხარდაჭერას. ის ასევე ხელს შეუწყობს ქალაქის მიგრანტთა მიღების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე ზრუნვას.