ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კიბერდანაშაულის გამო სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კიბერდანაშაულის გამო სანქციები გააფართოვა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა VKontakte-სა და მის შვილობილ კომპანიას, Communication Platform LLC-ს. მიზეზი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობით შექმნილი აპლიკაცია MaxApp-ის განვითარებასა და მართვაში მათი მონაწილეობაა.
ცნობისთვის, აპლიკაცია MaxApp-ი რუსეთში გასაყიდად განკუთვნილ ყველა სმარტფონზე წინასწარაა დაინსტალირებული. ევროკავშირის ინფორმაციით, ის გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკოსებისა და ხელისუფლების მიერ აკრძალული სხვა კონტენტის გამავრცელებელთა დევნისთვის.
სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიებს – Citadel-ს, VAS Experts-სა და Norsi-Trans. ევროკავშირის ცნობით, ეს ქსელი სამიზნეში იღებს ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, უმცირესობათა ჯგუფებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცრებს, კიბერდამნაშავეებსა და კომპანიებს, რომლებიც, მათივე ცნობით, აქტიურად მონაწილეობენ ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობებში.