ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად უკრაინას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება
ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად უკრაინას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
კაჩკამ კრიტერიუმების შესრულების საორიენტაციო ვადად 2028 წელი დაასახელა. მისივე განმარტებით, უკრაინის მთავრობა 2027 წლის ბოლომდე გეგმავს საჭირო კანონმდებლობის მიღებას და მის დანერგვას.
„ჩვენთვის ეს რუბიკონია. მომენტი, როდესაც გაწევრიანების მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდის. ეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ვეყრდნობით რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად“, – აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ამავე პრესკონფერენციაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას გაწევრიანების პროცესში მსგავსი პროგრესი არ მიუღწევია.
„კომისია ახლა ელოდება, რომ საბჭო ზაფხულის ბოლომდე გახსნის მოლაპარაკებების დარჩენილ ხუთ კლასტერს“, – განმარტა კოსმა.