ევრობასკეტი 2022 | სერბეთის ცენტრი მიროსლავ რადულიცა - ცუდად მახსოვს თქვენთან ბოლო ინტერვიუ, ბელგრადში წავაგეთ
ევრობასკეტი 2022 | სერბეთის ცენტრი მიროსლავ რადულიცა - ცუდად მახსოვს თქვენთან ბოლო ინტერვიუ, ბელგრადში წავაგეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და პირველი არხი პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

შეხვედრის წინა ღამით საქართველოს ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ ინტერვიუ ჩაწერა სერბეთის სასტარტო ცენტრ მიროსლავ რადულიცასთან.

„ცუდად მახსოვს თქვენთან ბოლო ინტერვიუ – ბელგრადში გელაპარაკეთ და ის თამაში წავაგეთ. ამჯერად ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. სიტუაცია რთულია, პანდემიის გამო უამრავი შეზღუდვაა. კალათბურთელისთვის განსაკუთრებით მძიმე ფანების გარეშე თამაშია. სხვა გზა არ გვაქვს, კონცენტრაცია თამაშზე უნდა მოვახდინოთ. ბოლო მატჩი საქართველოსთან წაგებული გავქვს და, რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით. სერბეთის ნაკრებს ჯერ არ მოუპოვებია ევრობასკეტის საგზური, განსხვავებით საქართველოსგან.

ყველამ ვიცით ქართველი ხალხის მებრძოლი სული. მნიშვნელობა არ აქვს საქართველო გასულია თუ არა, თქვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ. რადგან მოგება ჩვენ თქვენზე მეტად გვჭირდება, ვეცდებით სათანადოდ გიპასუხოთ.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ შეკრებისა და მომზადებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩემი თანაგუნდელები კარგად არიან მომზადებულები და მატჩსაც მაქსიმალურად კონცენტრირებულები შეხვდებიან.

რამდენიმე წელია, ევროპაში აღარ ვთამაშობ, ჩინეთის ჩემპიონატში გამოვდივარ, თუმცა მუდმივად თვალყურს ვადევნებ ევროპულ ამბებს. გიორგი შერმადინი, როგორც აქამდე, ახლაც აჩვენებს თავის ნიჭს, შესაძლებლობებს, ხარისხს. ვიცი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. რთულია მის წინააღმდეგ თამაში, იცის როგორ იმოქმედოს, როგორ ჩააგდოს, როგორ მიგაღებინოს ჯარიმა, თუმცა ხარისხი ჩვენც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კარგი ბრძოლა იქნება.“