ილიას ზუროსის ინტერვიუ - დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია [ვიდეო]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთთან მატჩის წინ მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე 19 თებერვალს 19 საათზე ქართველები სერბებს სპორტის სასახლეში უმასპინძლებენ. მატჩი გულშემატკივრის გარეშე გაიმართება და მის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მოვუსმინოთ ილიას ზუროსს:

„პირველ რიგში, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა, რომ შესარჩევი ეტაპის დასკვნითი „ბაბლის“ მასპინძლები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს, ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, ორივე მატჩში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ.

აქამდეც დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი გუნდი გვყავს, იოლად არ ვნებდებით  და ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ასე უნდა განვაგრძოთ, რადგან ვაშენებთ გუნდს. არსებულ კონტინგენტს ვამატებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და 2021 წელს ჩვენთან ერთად იბრძოლონ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, ურთულესი ბრძოლა გველის. სერბეთი ევროპაში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროდ, გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ტრავმის გამო ვერ გვეხმარება თოკო შენგელია, ამერიკაში მოასპარეზე ახალგაზრდები…

თუმცა გვაქვს შევსება – ჩამოვიყვანეთ კონერ ფრენკამპი, ამერიკელი გამთამაშებელი. ძალიან კარგი კალათბურთელია. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ კალათბურთში რთულია გუნდთან შეწყობა სამი ვარჯიშის შემდეგ. ეს ხომ გუნდური სპორტია და ძალიან ძნელია გუნდთან თუნდაც ერთ კვირაში ადაპტირება.

როგორც აღვნიშნე, გვაქვს საშუალება ექსპერიმენტებისთვის, რაც ევრობასკეტი 2022-ისთვის გუნდის შენებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.“