„ევროაქტივი“ - ევროკავშირი, აშშ და ნატო უაღრესად მადლიერი არიან საქართველოს მიერ ქაბულიდან ევაკუაციაში შესრულებული როლისთვის
„ევროაქტივი“ - ევროკავშირი, აშშ და ნატო უაღრესად მადლიერი არიან საქართველოს მიერ ქაბულიდან ევაკუაციაში შესრულებული როლისთვის

ევროკავშირი, აშშ და ნატო უაღრესად მადლიერი არიან საქართველოს მიერ ქაბულიდან ევაკუაციაში შესრულებული როლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც „ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემა იუწყება, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 14 აგვისტოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში С-17 Globemaster III-ის ტიპის სამი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გაგზავნეს. ეს თვითმფრინავები რეგულარულად ასრულებდნენ რეისებს თბილისი-ქაბული-თბილისის მიმართულებით, რათა მოეხდინათ ავღანეთიდან სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ევაკუაცია.

„ქაბულიდან თბილისში 20-მდე ფრენა შესრულდა და დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ მისიის დროს საქართველოს საჰაერო სივრცე და ტერიტორია გამოყენებული იყო სატრანზიტო გზად ავღანეთიდან. საქართველოს დედაქალაქის შიგნით ქართული მხარის მიერ გამოყოფილი იყო სპეციალური ობიექტი, სადაც ევაკუირებული პერსონალი ნატო წევრ ქვეყნებში გაფრენამდე რჩებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ევაკუირებულები სამედიცინო დახმარებით, საკვებით და ყველა საჭირო ნივთებით, და ნება დართო ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანას გაეგზავნა სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი თბილისის აეროპორტში. აეროპორტის გვერდით მდებარე სამხედრო ბაზაზე საქართველის შეიარაღებულმა ძალებმა დაამონტაჟეს მრავალფუნქციური კარვები, სადაც ევაკუირებულები გამგზავრებამდე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი რჩებოდნენ“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის აეროპორტში მოაწყვეს „სატრანზიტო სამედიცინო პუნქტი“, რათა ქაბულიდან ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციაში დახმარება გაეწიათ.

„მადლობას ვუხდით საქართვლოს, რომელმაც ხელი შეუწყო ქაბულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას, მათ შორის ავღანელების, რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ და ასევე, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების. რეგიონული სატრანზიტო ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველო კვლევა არის ნატო-ს მთავარი პარტნიორი“, – განაცხადა „ევროაქტივთან“ საუბრისას ნატო-ს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტმა.

საქართველოსადმი მადლიერება 28 აგვიტოს გამოხატა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც.

„მადლობა საქართველო მტკიცე მხარდაჭერისთვის ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში, რამაც მისცა საშუალება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი თბილისის აეროპორტის გავლით“, – დაწერა კარლ ჰარცელმა „ტვიტერის“ გვერდზე.

„აშშ უაღრესად მადლიერია საქართველოსი და სხვა ქვეყნების, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევას“, – ეს განცხადება კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა პირველ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მხოლოდ ნატოს წევრობის კანდიდატია, ამ ქვეყანას ავღანეთის მისიაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი სამხედრო წვლილი აქვს შეტანილი. 2012-2014 წლებში ავღანეთის iSAF მისიაში 1 500 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში კი, საქართველომ 857 სამხედრო გააგზავნა. შედეგად, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ცოცხალი ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო.

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ევოაქტიოვთან“ საუბარში განაცხადა, რომ იყო საქართველოს მორალური ვალდებულება, რომ რთულ დროს ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების გვერდით მდგარიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველომ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში ძალიან ახლო პარტნიორობა განავითარეს. საქართველომ წვლილი შეიტანა მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

„ჩვენს სამეზობლოში მოვლენების განვითარება ზეგავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე. საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ევროკავშირის, რათა უზურუნველყოს უსაფრთხოება, სადაც ეს საჭიროა და მომავალში გაუწიოს დახმარება ჰუმანიტარულ მისიებს. მადლობას ვუხდით ევროპელ მეგობრებს და აშშ-ს თბილის სიტყვებისა და მადლიერებისთვის“ – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.