ევრო 2020 რიცხვებში - ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელები #1TVSPORT
ევრო 2020 რიცხვებში - ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელები #1TVSPORT

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო. პირველივე წრეში დაფიქსირდა რეკორდი – ინგლისელი ჯუდ ბელინგემი აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. ქვემოთ კიდევ ბევრ საყურადღებო რიცხვს ამოიკითხავთ.

გუნდები

ევრო 2020-ში მონაწილე ეროვნული ნაკრებების საშუალო ასაკი 27 წელია.

ყველაზე ხანდაზმული შვედეთის გუნდია, რომლის საშუალო ასაკიც 29,2 წელს შეადგენს. 26 ფეხბურთელიდან თერთმეტი, 30 წელს არის გადაცილებული.

შვედეთს 29,1-ით მოსდევს ბელგია, სადაც 30 წელს უკვე ათმა მოთამაშემ გადააბიჯა. მესამეა სლოვაკეთი, 28.2 წლით.

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა თურქეთს ჰყავს. გუნდის საშუალო ასაკი 24.9 წელია.

25.2 წლით მეორე ადგილზეა ინგლისი, მესამეზე – უელსი.

 

ახალგაზრდა მოთამაშეები

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე უმცროსი პოლონელი კაცპერ კოზლოვსკია, რომელიც ტურნირის დაწყების დროს 17 წლის და 243 დღის იყო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სულ ცოტა ხნის წინ, 28 მაისს ანდორას წინააღმდეგ შედგა.

პირველობაზე კიდევ რამდენიმე პატარა ასაკის ტალანტს შევხვდებით. ევრო 2020-ის სტარტისთვის ინგლისელი ჯუდ ბელინგემი 17 წლისა და 352 დღის იყო, ითამაშა კიდეც და ევროპირველობების ისტორიაშიც ჩაეწერა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი. დორტმუნდის ნახევარმცველი ეროვნულ გუნდში 2020 წლის 10 ნოემბერს გამოიძახეს. პირველად კი მოედანზე ნაკრების მაისურით ირლანდიის წინააღმდეგ უემბლიზე გავიდა.

18 წლის და 110 დღის იქნება „ბაიერნის“ შემტევი ჯამალ მუსიალა, რომელიც ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა წელს გერმანიის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ის გერმანიაშია დაბადებული, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა.

იოაჰიმ ლიოვმა მუსიალა 25 მარტს ისლანდიასთან გასამართი მატჩისთვის გამოიძახა.

ყველაზე ახალგაზრდებს შორისაა პედრი. ესპანელი ტურნირის დაწყების დღეს 18 წლისა და 203 დღისა იყო. მას უკვე 5 მატჩი აქვს გამართული ეროვნული ნაკრების შემადგენლბაში. მათ შორის მარტში საქართველოს წინააღმდეგ.

ყველაზე ახალგაზრდებს შორისაა პორტუგალიელი ნუნო მენდეში. სპორტინგის მცველის დებიუტი მთავარ გუნდში მარტში შედგა, როცა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდა და მთელი თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

ამ სიაშია ნიდერლანდელი რაიან გრავენბერხიც, რომელიც 19 წლისაა, ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს გამართული და ერთხელ გატანაც შეძლო, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან ტესტ მატჩში.

კაპიტნები

ევრო 2020-ის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნების სამეული ასე გამოიყურება: შოტლანდიელი ენდრიუ რობერტსონი, რომელიც 27 წლის არის. მისივე თანატოლი ინგლისელი ჰარი კეინი და 28 წლის შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა.

სხვათა შორის, რობერტსონი და კეინი, გამოცდილი კაპიტნები არიან. ორივე მათგანმა სამკლაური ჯერ კიდევ 2018 წელს მოირგო.

 

ასაკოვანი მოთამაშეები

რაც შეეხება ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელებს, ესენი არიან ნიდერლანდელი მეკარე მარტენ სტეკელენბურგი, შოტლანდიელი მეკარე კრეიგ გორდონი და პორტუგალიელი მცველი პეპე. სამივე მათგანი 38 წლისაა.

ტურნირის მთავარი ვეტერანი კი კრიშტიანო რონალდოა. ეს მისთვის მეხუთე ევროპის ჩემპიონატი იქნება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე ხუთჯერ კონტინენტის მთავარ ტურნირზე არავის უთამაშია. ევრო 2020 მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება კიელინისთვის, პატრისიუსთვის, მოუტინიუსთვის, პეპესთვის, მანდანდასთვის, მოდრიჩისთვის, გრანკვისტისა და ლარსონისთვის.