ევრო 2020 | იტალია VS ესპანეთი - საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2020 | იტალია VS ესპანეთი - საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 6 ივლისს ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ იტალია და ესპანეთი წარდგებიან. შეხვედრა ლონდონში, „უემბლიზე“ 23 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

იტალიასა და ესპანეთს ერთმანეთში 33-ჯერ უთამაშიათ. მოგება-წაგებებში სრული თანაფარდობაა – 12-12 გამარჯვება, 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ევრო 2020-ის ნახევარფინალშიც რთულია, რომელიმეს დიდ უპირატესობაზე ლაპარაკი და შესაძლოა, ძირითად დროში ფრე ლოგიკურ შედეგადაც ჩანდეს, თუმცა ყაიმზე არც იტალიელები იქნებიან თანახმა და არც ესპანელები – ეს ხომ პლეიოფია, სასწორზე ფინალისტის საგზური დევს და თერთმეტმეტრიანების სერიისთვის ბედის მინდობა არავისთვის იქნება მისაღები.

მწვრთნელები კომენტარებისას ფრთხილობენ, თუმცა ორივე მხარე გამარჯვებისთვის ემზადება. მიზნის მიღწევისთვის რა არის საჭირო, „წითლებმაც“ კარგად იციან და „ლურჯებმაც“ – ხუთ მატჩში ესპანეთს 12 გოლი აქვს გატანილი, იტალიას – 10.

„სკუადრა აძურას“ 1968 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი არ მოუგია. 2008 და 2012 წლებში მას წინ ესპანეთი გადაეღობა: 2008-ში ესპანეთმა პენალტების სერიაში მოიგო, 2012-ში ჯგუფში 1:1 ითამაშა, ხოლო ფინალში 4:0 გაიმარჯვა. ორივე ტურნირზე ჩემპიონი „ფურია როხა“ გახდა. ეს გუნდები ერთმანეთს ევრო-2016-ზეც გადაეყარნენ – მერვედფინალში იტალიამ 2:0 მოიგო.

დღევანდელი ნახევარფინალის წინ დანაკლისი ორივე გუნდშია – იტალიელებს ტრავმის გამო სპინაცოლა დააკლდებათ, ხოლო ესპანელებს – სარაბია.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი):

„ესპანეთის ნაკრები სათამაშო სტილით ბელგიისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ მეოთხედფინალისგან მეტად განსხვავებულ თამაშს ველი. ესპანელებს ბოლო წლებში უძლიერესი ნაკრები ჰყავდათ, თუმცა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა გააახალგაზრდავა და მეტად საინტერესო ფეხბურთს თამაშობს.“

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):

„მოედნის ცენტრში დომინაცია ორივე გუნდს უყვარს, საინტერესო იქნება, მატჩის მსვლელობისას ვინ მოიპოვებს უპირატესობას. რობერტო მანჩინის ხელში იტალიელები „მაღალ პრესინგს“ თამაშობენ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მათი უპირატესობა – მაღალი დონის ნაკრებია, რომელიც დაცვაშიც გუნდურად თამაშობს და შეტევაშიც.“

შემადგენლობები

იტალია (4-3-3)დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი – ბარელა, ჟორჟინიო, ვერატიკიეზა, იმობილე, ინსინიე
ტრავმა: სპინაცოლა

ესპანეთი (4-3-3)უნაი სიმონი – ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა – კოკე, ბუსკეტსკი, პედრიმორენო, მორატა, დანი ოლმო
ტრავმა: სარაბია