„ევრაზიანეტი“ - „ფრონტერას“ საქართველოში მცირერიცხოვანი დამცველები ჰყავს, პოლიტიკურ სპექტრში კი, არასაიმედო კომპანიად განიხილავენ
„ევრაზიანეტი“ - „ფრონტერას“ საქართველოში მცირერიცხოვანი დამცველები ჰყავს, პოლიტიკურ სპექტრში კი, არასაიმედო კომპანიად განიხილავენ

ვაშინგტონისგან ზეწოლის შედეგად, საქართველომ უკან გაიწვია მისი გადაწყვეტილება ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, – ამ სათაურით აქვეყნებს ჯოშუა კუჩერა სტატიას ონლაინგამოცემა „ევრაზიანეტი“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ ტეხასში დაფუძნებულ კომპანია „ფრონტერა რესურსთან“ შეთანხმება აპრილში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიასთან.

სტატიის ავტორი, ჯოშუა კუჩერა აღნიშნავს, რომ „ფრონტერას“ საქართველოში მცირერიცხოვანი დამცველები ჰყავს. უფრო ფართოდ, პოლიტიკურ სპექტრში კი, მას, როგორც არასაიმედო და არაკეთილსინდისიერ კომპანიად განიხილავენ, რომელიც კონტრაქტის დარღვევის გარდა, მრავალი თვის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასს არ უხდიდა. ჯოშუა კუჩერა წერს, რომ ივლისის დასაწყისში „ფრონტერას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას შემდეგ, რაც, კომპანიამ მას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თანხა არ გადაუხადა.

„თუმცა, „ფრონტერამ“ აშშ-ის კონგრესში მხარდამჭერები მოიპოვა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შედეგ, რაც მთავრობამ არბიტრაჟის ჩატარება გადაწყვიტა, კამპანიას აწარმოებდნენ, რათა დაერწმუნებინათ თბილისი, ნება დაერთო საქმიანობის გასაგრძელებლად კომპანიისთვის. კონგრესის წევრები (მრავალი მათგანი ამ კომპანიისგან დონაციებს იღებს კამპანიისთვის) ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმე „ფრონტერას“ წინააღმდეგ, შედეგია „ქართულ ოცნებაზე“ კრემლის გავლენისა“, – წერია სტატიაში.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრებები დაუსაბუთებელია, ვაშინგტონში მათ გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვეს. 9 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების პაკეტის 15%-ით შემცირება იქნება შესაძლებელი, თუკი თბილისი რამდენიმე მოთხოვნას ვერ შეასრულეს. მათ შორის „უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვა, რათა მათ შევიწროების გარეშე თავისუფლად იმოქმედონ“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩივიან, რომ საქართველოსთვის დახმარების შემცირების საფრთხის ფონზე, „ფრონტერა“ გაუმართლებლად ახდენს გავლენას ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე.

სტატიის თანახმად, საქართველოს მთავრობა ღრმად სენსიტიურია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორისო ინვესტორები მათ ბიზნეს გარემოს. მსოფლიო ბანკის „აკეთე ბიზნესის“ უახლეს რეიტინგებში ქვეყანა მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. შესაბამისად, მთავრობა უცხოელ ინვესტორებთან მსუბუქი კონტაქტისკენ მიისწრაფის.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვაშინგტონში უკმაყოფილების გამოწვევის შიშმა, როგორ ჩანს, შეცვალა ხელისუფლების აზრი.

„ურთიერთობები აშშ-სთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია ჩვენთვის. თუმცა „ფრონტერას“ საკითხი ოფიციალური ურთიერთობებთან განსახილველი თემა არ არის. ყოვლად დაუშვებელია ჩვენთვის, რომ ამერიკის საკმაოდ მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ჩვენ მივცეთ ვინმეს საბაბი და საშუალება, გამოიყენოს ეს სრულიად ჩვეულებრივი კომერციული დავა, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – ამის შესახებ „ევრაზიანეტის“ სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს.

დატოვე კომენტარი