EuCham-ის კვლევაში - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ საქართველო საუკეთესო ოცეულში, რეგიონში კი პირველ ადგილზეა
EuCham-ის კვლევაში - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ საქართველო საუკეთესო ოცეულში, რეგიონში კი პირველ ადგილზეა

არასამთავრობო ორგანიზაცია EuCham-ის „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ მორიგ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზეა. შეფასების შკალაში საქართველოს 70 ქულა აქვს მინიჭებული და ის „მწვანე ზონაშია“. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის რეიტინგის პირველ ოცეულში საქართველოსთან ერთად მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო 71 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებოდა. EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო – 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი 33-ზე, რუსეთი 43-ზე, აზერბაიჯანი კი 41-ზე.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. საინვესტიციო მიმზიდველობით, საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.