ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მინსკის შეთანხმებას უხეშად არღვევს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მინსკის შეთანხმებას უხეშად არღვევს

დონბასში ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას უხეშად არღვევს.

„მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ცინიკურ მცდელობას, დაარღვიონ დასახლება ზოლოტოესთან არსებული ფაქიზი სტატუს კვო. ესტონეთი დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წამოწევს რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების კიდევ ერთხელ უხეშად დარღვევისა და მის მიერ პარიზში დადებული პირობის დარღვევის საკითხს“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს დილით კვლავ სროლის ხმა ისმოდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნისა და შეტევის მცდელობის დროს ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.